მთავარ შიგთავსზე გადასვლა

მომსახურების წესები

ძალაშია 10 ოქტომბერი 2026-დანვერსია 1.1

იურიდიული დასახელება
შპს AFFIX SERVICE
საიდენტიფიკაციო კოდი
400431868
მისამართი
თბილისი
ელფოსტა
info@invitestory.ge
ვებგვერდი
invitestory.ge

ეს წესები არის შეთანხმება შენსა და InviteStory-ის ოპერატორს («სერვისი», «ჩვენ») შორის. ანგარიშის შექმნით ან სერვისით სარგებლობით ეთანხმები ამ წესებს. თუ არ ეთანხმები, ნუ გამოიყენებ სერვისს. პერსონალურ მონაცემებს როგორ ვამუშავებთ, აღწერილია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, რომელიც ამ წესების ნაწილია.

1. ვინ ვართ#

სერვისი ხელმისაწვდომია მისამართზე invitestory.ge. ოპერატორის რეკვიზიტები (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი) მითითებულია ამ გვერდის თავში. იგივე რეკვიზიტები იბეჭდება ჩვენს ინვოისებზე.

საკონტაქტო ელფოსტა: info@invitestory.ge.

2. მომსახურება#

InviteStory გეხმარება, შექმნა ციფრული მოსაწვევი ქორწილის, ჯვრისწერის, ნათლობის, დაბადების დღისა და სხვა ზეიმისთვის, გაუგზავნო ის სტუმრებს და ნახო მათი პასუხები (RSVP). კერძოდ, შეგიძლია:

  • აირჩიო დიზაინი, ჩაწერო ღონისძიების დეტალები და მაშინვე ნახო, როგორ გამოიყურება;

  • გამოაქვეყნო მოსაწვევის გვერდი თარიღით, რუკაზე მონიშნული ადგილით, პროგრამითა და პასუხის ფორმით;

  • შეინახო კონტაქტები და შეადგინო სტუმრების სია ხელით ან CSV/XLSX ფაილიდან;

  • თითოეულ სტუმარს მისცე პირადი ბმული და გაუგზავნო SMS-ით ან ელფოსტით, ან თავად გაუზიარო Viber-ით ან WhatsApp-ით;

  • გაუგზავნო შეხსენება, ნახო, ვინ გახსნა მოსაწვევი და ვინ უპასუხა, და ჩამოტვირთო პასუხები;

  • სადაც ხელმისაწვდომია, მოაწყო ჯგუფური აქტივობა, მაგალითად «საიდუმლო სანტა», და ისარგებლო კომპანიებისთვის განკუთვნილი მომსახურებით.

ზოგიერთი ფუნქცია ეტაპობრივად ემატება და შეიძლება ყველასთვის ჯერ არ იყოს ხელმისაწვდომი. რისი გამოყენებაც შეგიძლია, ის სერვისში ჩანს.

ჩვენ გაწვდით ტექნიკურ ინსტრუმენტს. ღონისძიებას ჩვენ არ ვაწყობთ და შენსა და შენს სტუმრებს შორის ურთიერთობის მხარე არ ვართ.

3. შენი ანგარიში#

  • სერვისით სარგებლობისთვის უნდა იყო მინიმუმ 16 წლის. თუ 18 წელს არ ხარ მიღწეული, ამ წესებს უნდა დაეთანხმოს და გადახდა უნდა შეასრულოს მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა.

  • დარეგისტრირება შეგიძლია ელფოსტითა და პაროლით ან Google-ით. Google-ით შესვლისას ვიღებთ შენს სახელს, ელფოსტას და Google ანგარიშის იდენტიფიკატორს. Google-ის პაროლს ან წვდომის ტოკენებს არ ვიღებთ და არ ვინახავთ.

  • მონახაზი და გადახედვა მაშინვე მუშაობს. მოსაწვევის გამოსაქვეყნებლად, სტუმრების გასააქტიურებლად და შეტყობინებების გასაგზავნად ელფოსტა უნდა დაადასტურო.

  • მოგვაწოდე სწორი მონაცემები და პაროლი არავის გაუმხილო. შენს ანგარიშზე შესრულებულ მოქმედებებზე პასუხისმგებელი ხარ შენ. თუ ეჭვი გაქვს, რომ ანგარიშზე სხვას აქვს წვდომა, შეცვალე პაროლი და შეგვატყობინე. ანგარიშის პარამეტრებში ხელმისაწვდომია ორსაფეხურიანი ავთენტიფიკაცია და passkey.

  • ერთ ადამიანს ერთი ანგარიში აქვს. დამატებითი ანგარიშის შექმნა მისასალმებელი კრედიტის ხელახლა მისაღებად დაუშვებელია.

  • თანაორგანიზატორი (co-host), რომელსაც ღონისძიებაზე დაამატებ, ღონისძიებას ნახავს და მართავს იმ უფლებების ფარგლებში, რასაც სერვისი თანაორგანიზატორს აძლევს. დაამატე მხოლოდ ის, ვისაც ენდობი.

4. ფასები#

ფასები მითითებულია ქართულ ლარში (₾) ფასების გვერდზე და სერვისში, გადახდამდე. მოქმედებს ის ფასი, რომელიც გადახდის მომენტში ჩანს.

უფასოა: ანგარიშის შექმნა, მოსაწვევის დიზაინი, გადახედვა, სატესტო შეტყობინება საკუთარი თავისთვის, მოსაწვევის გვერდის გამოქვეყნება, კონტაქტები და სტუმრების სია.

სტუმრის გააქტიურება. თითოეული სტუმრის პირადი ბმული თავიდან დაბლოკილია. ერთი ღონისძიების ერთი სტუმრის გააქტიურება ღირს 2 ₾. გააქტიურების შემდეგ ამ სტუმრისთვის ამ ღონისძიებაზე ყველაფერი შედის ფასში, დამატებითი გადასახადის გარეშე: მოქმედი პირადი ბმული, SMS-ით და ელფოსტით გაგზავნა, Viber-ით და WhatsApp-ით გაზიარება, შეხსენებები და ხელახლა გაგზავნა, მე-7 პუნქტში აღწერილი ლიმიტების ფარგლებში. გააქტიურება ერთჯერადია და ეხება მხოლოდ ამ ღონისძიების ამ სტუმარს.

Premium. Premium არის გამოწერა (თვიური ან წლიური), რომელიც გიხსნის Premium დიზაინებს. თუ მოსაწვევი Premium დიზაინით გამოაქვეყნე, როცა Premium აქტიური იყო, დიზაინი მასზე რჩება Premium-ის დასრულების შემდეგაც. მიმდინარე ფასი და პერიოდი ფასების გვერდზეა.

  • თუ ბარათი შენახული გაქვს და გადახდის პროვაიდერი განმეორებით გადახდას უჭერს მხარს, Premium ყოველი პერიოდის ბოლოს ავტომატურად განახლდება, სანამ არ გააუქმებ. სხვა შემთხვევაში შემდეგ პერიოდს თავად იხდი. პერიოდის დასრულებამდე 7 დღით ადრე ელფოსტით შეგახსენებთ.

  • თუ განახლების გადახდა ვერ მოხერხდა, Premium კიდევ 7 დღემდე მუშაობს, სანამ გადახდას ხელახლა ვცდით.

  • Premium-ის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლია გადახდების განყოფილებაში. Premium ამის შემდეგ რჩება უკვე გადახდილი პერიოდის ბოლომდე და შემდეგი გადახდა აღარ ჩამოგეჭრება.

ბალანსი. შენს ანგარიშს აქვს ბალანსი ლარში, რომლითაც იხდი გააქტიურებისა და სხვა ფასიანი მომსახურების საფასურს. ბალანსს ბარათით ავსებ, ერთ ჯერზე 10 ₾-დან 2 000 ₾-მდე. დიდი შევსებისას გეძლევა ბონუსი: +5% 1 000 ₾-ის ან მეტის შევსებისას; +10% 3 000 ₾-ის ან მეტის შევსებისას. ბონუსი ბალანსს ემატება სარეკლამო კრედიტის სახით. ბალანსი:

  • არ არის საბანკო ანგარიში ან ელექტრონული ფული, მასზე პროცენტი არ ერიცხება, სხვა ანგარიშზე ვერ გადაიტანება და თანხის სახით ვერ გაიცემა;

  • ამჟამად ვადა არ აქვს. თუ ოდესმე ვადას შემოვიღებთ, წინასწარ გაცნობებთ და ეს უკვე გადახდილ თანხაზე არ გავრცელდება;

  • იხარჯება ამ თანმიმდევრობით: ჯერ სარეკლამო კრედიტი (მისასალმებელი და სხვა საჩუქრად მიღებული), შემდეგ გადახდილი თანხა და მისი ბონუსი.

მისასალმებელი კრედიტი. ელფოსტის დადასტურებისას შეიძლება ერთჯერადად მიიღო 10 ₾ კრედიტი. სარეკლამო კრედიტი ფულად არ გაიცემა და ფულად არ გაიცემა. ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად შეიძლება შევზღუდოთ ქსელის ან მოწყობილობის მიხედვით.

ინვოისი კომპანიებისთვის. სადაც ხელმისაწვდომია, კომპანიას შეუძლია ბალანსი შეავსოს საბანკო გადარიცხვით: სერვისი გამოსცემს ანგარიშ-ფაქტურას გადასახდელად (200 ₾-დან, გადასახდელია 7 დღეში). თანხა ბალანსს ემატება იმავე ბონუსით, როცა ის ჩვენს საბანკო ანგარიშზე აისახება. ამას ხელით ვადასტურებთ და შეიძლება რამდენიმე სამუშაო დღე დასჭირდეს. დროულად გადაუხდელი ინვოისი იწურება გადახდის ვადიდან 30 დღეში. ჩვენი ინვოისი გადახდის მოთხოვნაა. საგადასახადო დოკუმენტს (მაგალითად, დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურას) გავცემთ, თუ ამას იმ დროისთვის ჩვენი საგადასახადო სტატუსი მოითხოვს.

გადასახადები. მითითებული ფასი შენთვის საბოლოოა. თუ დღგ-ის დარიცხვა მოგვიწევს, ის მითითებულ ფასში უკვე შედის.

5. გადახდა#

  • ბარათით გადახდას ამუშავებს ჩვენი გადახდის პროვაიდერი Flitt, თავის დაცულ გადახდის გვერდზე. ბარათის სრულ ნომერსა და უსაფრთხოების კოდს ჩვენ ვერ ვხედავთ და არ ვინახავთ. პროვაიდერისგან ვიღებთ მხოლოდ გადახდის სტატუსს, ბარათის ტიპს და ბოლო ოთხ ციფრს.

  • თუ ბალანსი გააქტიურებას არ ჰყოფნის, ბარათით იხდი მხოლოდ სხვაობას (მინიმუმ 2 ₾). თუ გადახდა მოვიდა მას შემდეგ, რაც გააქტიურებას ვადა გაუვიდა ან რამე შეიცვალა, თანხა ბალანსზე რჩება: შეგიძლია გამოიყენო შემდეგი გააქტიურებისთვის.

  • Premium-ის განახლებისთვის პროვაიდერმა შეიძლება შეინახოს ბარათის ტოკენი. შენახული ბარათის წაშლა შეგიძლია გადახდების განყოფილებაში. ამის შემდეგ ავტომატური განახლება წყდება.

  • შენი და ჩვენი დასაცავად ვიყენებთ დღიურ ლიმიტებს, ვზღუდავთ განმეორებით მცდელობებს და შეიძლება უარი ვთქვათ ან შევაჩეროთ გადახდა, რომელიც თაღლითურს ჰგავს.

  • გადახდის შემდეგ ელფოსტით გიგზავნით ქვითარს. გადახდების ისტორია გადახდების განყოფილებაშია.

6. გადახდები საბოლოოა#

გადახდები საბოლოოა და უკან არ ბრუნდება. გააქტიურებული სტუმრები, Premium და ბალანსის შევსება არ ბრუნდება.

7. შეტყობინებები, გაგზავნის საათები და ლიმიტები#

  • ავტომატური SMS და ელფოსტა (მოსაწვევი და შეხსენება) იგზავნება მხოლოდ 09:00-დან 21:00-მდე, ღონისძიების დროის სარტყლით. ამ საათებს გარეთ დაგეგმილი შეტყობინება შემდეგ ფანჯარას ელოდება.

  • ავტომატური SMS იგზავნება მხოლოდ საქართველოს მობილურ ნომრებზე (+995) და მხოლოდ იქ, სადაც SMS მომსახურება ხელმისაწვდომია. დანარჩენ სტუმრებს მიწვდები ელფოსტით ან ბმულის გაზიარებით.

  • ერთ გააქტიურებულ სტუმარზე ჯამში იგზავნება მაქსიმუმ 12 SMS ერთეული (გრძელი ტექსტი ერთზე მეტ ერთეულს იკავებს). ამის შემდეგ კვლავ შეგიძლია გაგზავნა ელფოსტით ან ბმულის გაზიარება.

  • ერთ სტუმარზე მაქსიმუმ 2 შეხსენება, ერთმანეთისგან მინიმუმ 48 საათის დაშორებით.

  • ერთი ტელეფონის ნომერი მთელი სერვისიდან დღეში მაქსიმუმ 5 შეტყობინებას იღებს. დამატებითი დღიური ლიმიტები მოქმედებს ანგარიშზე და ღონისძიებაზე. ახალ ანგარიშს თავიდან უფრო დაბალი ლიმიტი აქვს.

  • სტუმარს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შეტყობინებების მიღება (მოსაწვევის გვერდიდან ან ელფოსტაში არსებული ბმულით). ამის შემდეგ ამ მისამართზე აღარაფერს ვაგზავნით და ამის შეცვლა შენ არ შეგიძლია.

  • გამგზავნის სახელს, ტექსტის სიგრძესა და შინაარსს შეიძლება SMS ოპერატორები ზღუდავდნენ. ვერ გპირდებით, რომ კონკრეტული შეტყობინება აუცილებლად მივა ან წაიკითხავენ.

  • Viber-ით და WhatsApp-ით გაზიარება შენს მოწყობილობაზე ხსნის აპს: შეტყობინებას აგზავნი შენი ანგარიშიდან, იმ აპის წესებით.

8. სტუმრების მონაცემები და თანხმობა#

ვის მიიწვევ და რა მონაცემს ჩაწერ მათ შესახებ, შენ წყვეტ. შენი კონტაქტებისა და სტუმრების მონაცემებზე (სახელი, ტელეფონი, ელფოსტა, შენიშვნები, პასუხები) პასუხისმგებელი ხარ, როგორც პირი, ვინც წყვეტს, რისთვის და როგორ გამოიყენება ისინი. ჩვენ მათ ვამუშავებთ შენი სახელით, მხოლოდ მომსახურების გასაწევად (იხ. კონფიდენციალურობის პოლიტიკა). ადასტურებ, რომ:

  • მონაცემები კანონიერად მოიპოვე და შეგიძლია მათი გამოყენება ამ ადამიანების შენს ღონისძიებაზე მოსაწვევად;

  • მოსაწვევს უგზავნი მხოლოდ მათ, ვინც გონივრულად მოელის შენგან შეტყობინებას ღონისძიების შესახებ, და არასდროს იყენებ რეკლამისთვის ან მათთან, ვინც გთხოვა, აღარ დაუკავშირდე;

  • წერ მხოლოდ იმას, რაც მოსაწვევისთვის საჭიროა, და შენიშვნებსა თუ ველებში არ წერ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს (მაგალითად, ჯანმრთელობის ან რელიგიური მრწამსის შესახებ);

  • ბავშვის ფოტოს ატვირთვამდე გაქვს მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, ხოლო სხვა ფოტოებზე, საჭიროების შემთხვევაში, მათზე გამოსახული ადამიანების თანხმობა;

  • თუ სტუმარი მისი მონაცემების წაშლას მოგთხოვს, შეწყვეტ მათ გამოყენებას და, საჭიროების შემთხვევაში, შეგვატყობინებ.

თუ სერვისს კომპანია იყენებს თავისი ღონისძიებისთვის, სტუმრების მონაცემების დამმუშავებელი (controller) კომპანიაა, ხოლო მისი სახელით მოქმედი პირი ადასტურებს, რომ უფლება აქვს, კომპანიის სახელით დაეთანხმოს ამ წესებს.

9. დასაშვები გამოყენება#

სერვისი არ შეიძლება გამოიყენო:

  • სპამის, რეკლამის, უცნობი ადამიანებისთვის მასობრივი შეტყობინებების ან რეალურ ღონისძიებასთან დაუკავშირებელი შეტყობინებების გასაგზავნად;

  • უკანონო, შეცდომაში შემყვანი, ცილისმწამებლური, სიძულვილის ან ძალადობის შემცველი, სექსუალური ხასიათის, სხვისი უფლებების (მაგალითად, საავტორო ან პირადი ცხოვრების) დამრღვევი ან ბავშვისთვის საზიანო შინაარსის გამოსაქვეყნებლად;

  • სხვა ადამიანად ან ორგანიზაციად წარმოსადგენად, ან სტუმრების მონაცემების ღონისძიების გარდა სხვა მიზნით შესაგროვებლად;

  • ლიმიტების, ფასების ან გადახდის გვერდის ავლით, ანგარიშების ავტომატურად ან განმეორებითი კრედიტისთვის შესაქმნელად ან გადახდების ბოროტად გამოსაყენებლად;

  • სერვისის დასაზიანებლად, გადასატვირთად, შესამოწმებლად, დასასკანერებლად ან უკუინჟინერიისთვის, სხვისი ბმულების გამოსაცნობად ან სხვისი მონაცემების სანახავად;

  • საქართველოს ან შენზე მოქმედი სხვა კანონმდებლობის დასარღვევად.

თუ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ეს წესები ირღვევა, შეიძლება წავშალოთ შინაარსი, შევაჩეროთ გაგზავნა, დავბლოკოთ ბმულები ან შევაჩეროთ ანგარიში, შემთხვევის შესაბამისად, გონივრულ ფარგლებში. შესაძლებლობის შემთხვევაში წინასწარ გაცნობებთ და ახსნის საშუალებას მოგცემთ. უკანონო შინაარსის შესახებ შეიძლება ვაცნობოთ შესაბამის ორგანოებს.

10. შენი შინაარსი#

ტექსტები, ფოტოები, ლოგო და სხვა მასალა, რომელსაც ამატებ, შენი რჩება. გვაძლევ არაექსკლუზიურ, უსასყიდლო, მსოფლიო მასშტაბის ლიცენზიას, შევინახოთ, დავაკოპიროთ, დავამუშაოთ (მაგალითად, ფოტოს ზომა შევცვალოთ და ბმულის წინასწარი ხედი შევქმნათ) და ვაჩვენოთ ეს მასალა მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც შენთვის და შენი სტუმრებისთვის მომსახურების გასაწევადაა საჭირო: მოსაწვევის გვერდზე, შეტყობინებებში, ბმულის წინასწარ ხედსა და შენს ანგარიშში. ლიცენზია წყდება, როცა მასალას ან ანგარიშს წაშლი, გარდა იმ ასლებისა, რომელთა შენახვაც კანონით გვევალება ან რომლებიც სარეზერვო ასლებიდან ჩვეულებრივი წესით ქრება. შენს ფოტოებსა და ტექსტებს ჩვენს რეკლამაში შენი ცალკე ნებართვის გარეშე არ ვიყენებთ.

ადასტურებ, რომ ატვირთულის გამოყენების უფლება გაქვს და ის ამ წესებს არ არღვევს.

11. დიზაინები და ინტელექტუალური საკუთრება#

სერვისი, მისი დიზაინები, შაბლონები, ილუსტრაციები, ტექსტები, პროგრამული უზრუნველყოფა და InviteStory-ის სახელი და ლოგო ეკუთვნის ჩვენ ან ჩვენს ლიცენზიარებს. გაძლევთ პირად, არაექსკლუზიურ, გადაუცემად უფლებას, დიზაინები გამოიყენო მხოლოდ შენი მოსაწვევების შესაქმნელად და გასაზიარებლად სერვისის ფარგლებში. დიზაინების კოპირება, ამოღება, გაყიდვა ან სერვისის გარეთ გამოყენება დაუშვებელია. Premium დიზაინების გამოყენება შეგიძლია, სანამ Premium აქტიურია (და ისინი რჩება მათით უკვე გამოქვეყნებულ მოსაწვევებზე).

12. ხელმისაწვდომობა და სერვისის ცვლილებები#

ვცდილობთ, სერვისი იყოს ხელმისაწვდომი და დაცული, თუმცა მას გაწვდით «როგორც არის» და «როგორც ხელმისაწვდომია». ვერ გპირდებით, რომ ის ყოველთვის შეფერხებისა და შეცდომის გარეშე იმუშავებს. შეიძლება ჩავატაროთ ტექნიკური სამუშაოები, შევცვალოთ, დავამატოთ ან მოვხსნათ ფუნქციები და შევცვალოთ დიზაინები. თუ მოვხსნით ფასიან ფუნქციას, რომლის საფასურიც უკვე გადაიხადე და არ გამოგიყენებია, შემოგთავაზებთ ეკვივალენტს.

SMS-ისა და ელფოსტის მიწოდება დამოკიდებულია მობილურ ოპერატორებსა და ელფოსტის პროვაიდერებზე. Viber-ს, WhatsApp-ს, Google-სა და რუკის სერვისებს სხვები მართავენ. მათ გაუმართაობაზე პასუხს არ ვაგებთ.

13. პასუხისმგებლობა#

  • არ ვაგებთ პასუხს არაპირდაპირ ან თანმდევ ზიანზე, მიუღებელ შემოსავალზე, ასევე იმაზე, როგორ ჩაივლის შენი ღონისძიება (მაგალითად, თუ სტუმრები არ მოვიდნენ ან დააგვიანეს), და შენ ან შენი სტუმრების მიერ შექმნილ შინაარსზე.

  • სერვისთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნის მიხედვით ჩვენი ჯამური პასუხისმგებლობა შემოიფარგლება იმ თანხით, რომელიც მოთხოვნის საფუძვლად ქცეულ მოვლენამდე ბოლო 12 თვეში გადაგვიხადე.

  • ეს შეზღუდვები არ ვრცელდება განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებულ ზიანზე და იმ პასუხისმგებლობაზე, რომლის შეზღუდვაც საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია, მათ შორის მომხმარებლის უფლებებზე.

  • გვინაზღაურებ გონივრულ ზარალსა და მესამე პირების მოთხოვნებს, რომლებიც ამ წესების ან კანონის შენ მიერ დარღვევით არის გამოწვეული (მაგალითად, შეტყობინებების კანონიერი საფუძვლის გარეშე გაგზავნით).

14. შეთანხმების შეწყვეტა, ანგარიშის წაშლა და მონაცემები#

  • ანგარიშის წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლია ანგარიშის პარამეტრებში. მასთან ერთად იშლება შენი ღონისძიებები, მოსაწვევები, სტუმრების სიები, კონტაქტები, ფოტოები და ბალანსი, პირადი ბმულები კი მაშინვე წყვეტს მუშაობას. ბალანსი ანგარიშთან ერთად იკარგება (იხ. მე-6 პუნქტი).

  • ზოგიერთი ჩანაწერი წაშლის შემდეგაც ინახება, როცა ამას კანონი მოითხოვს (მაგალითად, გადახდებისა და ინვოისების ჩანაწერები საგადასახადო და სააღრიცხვო კანონმდებლობით დადგენილი ვადით), ან მოკლე ვადით სარეზერვო ასლებსა და ჟურნალებში. დეტალები კონფიდენციალურობის პოლიტიკაშია.

  • წაშლილი ღონისძიების აღდგენა შეგიძლია 30 დღის განმავლობაში, შემდეგ ის საბოლოოდ იშლება. გამოქვეყნებული ღონისძიება არქივდება დაწყებიდან 30 დღეში: მოსაწვევი კვლავ ჩანს, მაგრამ გაგზავნა, გაზიარება და გააქტიურება წყდება.

  • შეიძლება შევაჩეროთ ან დავხუროთ ანგარიში, რომელიც სერიოზულად ან განმეორებით არღვევს ამ წესებს, გამოიყენება თაღლითობისთვის ან უკანონო საქმიანობისთვის, ან თუ ამას კანონი მოითხოვს.

15. წესების ცვლილება#

შეიძლება განვაახლოთ ეს წესები, მაგალითად, როცა სერვისი, ფასები ან კანონმდებლობა იცვლება. ვერსია და ძალაში შესვლის თარიღი ამ გვერდის თავშია მითითებული. მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ ელფოსტით ან სერვისში გაცნობებთ მინიმუმ 14 დღით ადრე, თუ კანონი ცვლილებას უფრო ადრე არ მოითხოვს. ახალი ვერსია არ ცვლის იმის ფასს, რაც უკვე გადაიხადე. თუ არ ეთანხმები, შეგიძლია ცვლილების ძალაში შესვლამდე შეწყვიტო სერვისით სარგებლობა, ან წაშალო ანგარიში. თუ სარგებლობას განაგრძობ, მოქმედებს ახალი ვერსია.

16. მოქმედი კანონმდებლობა და დავები#

ამ წესებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. პირველ რიგში დაგვიკავშირდი: პრობლემების უმეტესობა სწრაფად გვარდება. თუ ვერ შევთანხმდით, დავას განიხილავს საქართველოს უფლებამოსილი სასამართლო თბილისში (თბილისის საქალაქო სასამართლო). ეს არ ზღუდავს მომხმარებლის იმ სავალდებულო უფლებებს, რომლებიც შეიძლება გქონდეს, მათ შორის შენი საცხოვრებელი ქვეყნის კანონმდებლობით.

თუ ამ წესების რომელიმე დებულება ბათილია, დანარჩენი ძალაში რჩება. სავალდებულოა ქართული ტექსტი. ინგლისური და რუსული ვერსიები თარგმანებია.

17. კონტაქტი#

კითხვები და საჩივრები: info@invitestory.ge. გთხოვთ, მოგვწერე შენი ანგარიშის ელფოსტიდან, რომ ამოგიცნოთ.

გვერდის თავში დაბრუნება

ანალიტიკის cookie-ები, მხოლოდ შენი თანხმობით. დეტალურად